Logo

რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებთან ორსულობის და კოვიდ ინფექციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება

title

20 სექტემბერი, 2021. თბილისი. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან (NCDC) ერთად, 2021 წლის 21-24 სექტემბერს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებთან ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს უახლესი კლინიკური რეკომენდაციების შესახებ კოვიდ-19 ინფექციის მართვის საკითხებზე ორსულებში. 
შეხვედრებს გაუძღვებიან: ლელა ბაქრაძე - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა შენგელია - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი, ზაზა ბოხუა - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი (თსსუ), თინათინ გაგუა - მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნიკოლოზ კინტრაია - საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოში კოვიდ-19 პანდემიის მეოთხე ტალღის ფონზე, როდესაც გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი, უმნიშვნელოვანესი ხდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ. ასეთ დროს, დედათა ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ორსული ქალები წარმოადგენენ. მონაცემებით დასტურდება, რომ ამ ჯგუფში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია. 
არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoH), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შეიმუშავა შუალედური კლინიკური რეკომენდაციები ორსულებში კოვიდ-19 ინფექციის მართვასთან დაკავშირებით.
ამ რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარების ხელშესაწყობად, პარტნიორები ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. პირველ ეტაპზე, ისინი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მომწოდებლებს სამ რეგიონში შეხვდებიან: სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი.

შეხვედრები გაიმართება: 
ზუგდიდი, 21 სექტემბერი, სასტუმრო „ლეთო“ – 13:00 - 16:00;
ბათუმი, 23 სექტემბერი, სასტუმრო „შერატონი“ – 11:00 – 14:00;
ახალციხე, 24 სექტემბერი, სასტუმრო „ჯინო“ – 11:00 – 14:00