Logo

პრესრელიზი - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის რიგით მე-7 შეხვედრა

title

2022 წლის 24 მარტს  სასტუმრო „ბილტმორში“ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მხარდაჭერით გაიმართება 

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის  რიგით მე-7 შეხვედრა

შეხვედრას გახსნიან CDC-ის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ხელმძღვანელი - ქეროლაინ ვესტერი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, აშშ-ს ელჩი მოადგილე საქართველოში - დისიემი რაიან ჰარისი, კომპანიის „Gilead Sciences” ვიცე პრეზიდენტი - ბეტი ჩანგი, ჩარლზ ვიტეკი, CDC-ს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, WHO-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - სილვიუ დომენტე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - ამირან გამყრელიძე. შეხვედრაში  მონაწილეობას მიიღებენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ორგანიზაციები, კლინიცისტები, ეპიდემიოლოგები, ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ჯგუფების  წარმომადგენლები და სხვ.

საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი (TAG)  ჩამოყალიბდა 2016 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC)  მხარდაჭერით. TAG-ი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელსაც თავმჯდომარეობს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების დირექტორი, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან ექსპერტები შემდეგი ორგანიზაციებიდან: აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაცია,  ემორის უნივერსიტეტი (აშშ), ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), ბერნეტის ინსტიტუტი (ავსტრალია) და ..

ჯგუფი რეგულარულად განიხილავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარე მდგომარეობას, შედეგებსა და მიღწევებს, რეკომენდაციების შესრულების სტატუსს, ასევე, C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს; აფასებს ჩატარებულ სამუშაოებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ.  

2015 წლიდან დღემდე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეულ იქნა დაავადებულთა აქტიური გამოვლენისა და მკურნალობის  შთამბეჭდავი მასშტაბები, რამაც საბოლოოდ გავლენა იქონია C ჰეპატიტის, როგორც დაავადების საერთო ტვირთზე. საქართველოში დღეისათვის C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარებული აქვს 2.3 მილიონ ადამიანს, ხოლო მკურნალობის სერვისით ისარგებლა 76 000-ზე მეტმა პირმა.  2021 წელს ჩატარდა მე-2 ეროვნული სეროპრევალენტობის კვლევა, რომელმაც აჩვენა ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელების 67%-ით შემცირება.  ამ ციფრების უკან დგანან ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოს დიდი ძალისხმევით და ჩვენი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერით სრულფასოვანი, ჯანმრთელი ცხოვრების საშუალება მიეცათ

 შეხვედრა წარიმართება სამი დღე (23-25 მარტი).  პირველ დღეს დაგეგმილია სამეცნიერო სიმპოზიუმი, სადაც წარდგენილ იქნება C ჰეპატიტის ელიმინაციის საკითხებთან დაკავშირებული კვლევების შედეგები, ხოლო მეორე და მესამე დღეს - სტრატეგიის სხვადასხვა მიმართულებებზე დეტალური ანგარიშების განხილვა.  

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

მისამართი: ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი 29