Logo

ასტრაზენეკას ვაქცინა საქართველოშია 13.03.2021

title

2021 წლი 13 მარტს შვედურ-ბრიტანული კომპანია ასტრაზენეკას წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის  პირველი პარტიის 43 200 დოზა, რომელიც ქვეყნისთვის  COVAX პლატფორმიდან გამოიყო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით უკვე საქართველოშია.

გაეროს ბავშვთა ფონდთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს შესაბამისი მემორანდუმი, ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობა აკავშირებს და სწორედ მის საფუძველზე ხდება გეგმიური ვაქცინაციის მიწოდება. UNICEF-ის საშუალებით, COVAX-ს პლატფორმიდან საქართველოსთვის მარტი-მაისისთვის გამოყოფილია 129 600 დოზა ასტრაზენეკას და 29 250 ფაიზერის ვაქცინები. გამოყოფილი ასტრაზენეკას პირველი პარტი (43 200 დოზა) შემოვიდა  13 მარტს, ხოლო დანარჩენი დოზები აპრილის მეორე ნახევარში შემოვა.

ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

ტვირთი თვითმფრინავის დაჯდომის, გადმოტვირთვისა და საბაჟო საწყობის გავლის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცენტრალურ სასაწყობო მეურნეობაში განთავსდა.

ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში დასრულდება მიმდინარე შაბათ-კვირას. ტვირთის გადაადგილების ხელშეწყობისათვის შინაგან საქმეთ სამინისტროს ეთხოვა პატრულის ეკიპაჟების კორტეჟირება.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და მოადგილე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები.

პრესკონფერენციაზე გაკეთდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის მოქალაქის სარეგისტრაციო სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, იმუნიზაციისათვის მომზადებულ რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში სამუშაოდ. სისტემაში აცრების პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შერჩეული პირველი პრიორიტეტული ჯგუფის - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც არ აქვთ COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა შეადგენს 54 000-ს. აღნიშნული ჯგუფის მოცვის შემდეგ იგეგმება აცრის ეროვნული გეგმით დამტკიცებულ მომდევნო პრიორიტეტულ ჯგუფში შემავალი მოხუცთა და ხანდაზმულთა სახლის მობინადრეებისა (2 000 პირი) და 75 წელს ზემოთ ასაკის პირების აცრა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ჩასაწერად პერსონალს ეძლევა საშუალება რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში 13 მარტის დილის 12:00 საათიდან შეძლოს სასურველი თარიღისა და დროის შერჩევა და რიგის დაჯავშნა სამედიცინო დაწესებულებაში.

ვაქცინაცია ორშაბათს, 15 მარტიდან დაიწყება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაგეგმილია აცრების ჩატარება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პერსონალში, ყვველა რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ჩათვლით.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის ჩატარებულია სამედიცინო პერსონალის და  პროცესში ჩართული პირების ტრენინგები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრატორების ტრენინგები. მოსახლეობისათვის დაწყებულია საინფორმაციო კამპანია ვაქცინაციის ცნობადობის ამაღლების კუთხით.