Logo

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 2020 C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის

title

2020 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში გადაეცა სამ მეცნიერს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ვირუსული ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური პრობლემის, წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჰარვი ალტერის, მაიკლ ჰოუტონისა და ჩარლზ რაისის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტის ვირუსის იდენტიფიკაცია. მათ ნოვატორულ მიგნებამდე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო A და B ჰეპატიტების ვირუსების აღმოჩენა, თუმცა, ქრონიკული ჰეპატიტის შემთხვევების დიდი ნაწილი აუხსნელი რჩებოდა. C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა სადიაგნოსტიკო ტესტებისა და ახალი სამკურნალო მედიკამენტების შექმნა, რამაც მილიონობით სიცოცხლე იხსნა.

 



XX საუკუნის 70-იან წლებში, ჰარვი ალტერი აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში შეისწავლიდა ჰეპატიტის მიმდინარეობას სისხლის რეციპიენტებში. გაკვირვებას იწვევდა აღნიშნულ პაციენტებში უცნობი ეტიოლოგიის ინფექციური აგენტით გამოწვეული ქრონიკული ჰეპატიტის სიხშირე. დიაგნოსტიკური ტესტები A და B ჰეპატიტებისთვის უარყოფითი შედეგით სრულდებოდა. ალტერმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ მათი პაციენტების სისხლის საშუალებით დაავადება ვრცელდებოდა შიმპანზეებზე და, ადამიანის გარდა, მხოლოდ ეს ცხოველი იყო მოწყვლადი უცნობი ავადმყოფობისადმი. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინფექციურ აგენტს ვირუსის მახასიათებლები ჰქონდა. ალტერმა მიაგნო ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის ახალ ფორმას, რომელსაც „არა-A, არა-B“ ჰეპატიტი ეწოდა.


მაიკლ ჰოუტონმა, ფარმაცევტულ კომპანია „ქირონში“ მუშაობისას, შეძლო ვირუსის გენეტიკური თანმიმდევრობის გამოყოფა. ჰოუტონმა და მისმა კოლეგებმა ინფიცირებული შიმპანზეს სისხლში არსებული ნუკლეინის მჟავებიდან შექმნეს დნმ-ის ფრაგმენტები. მათი უმეტესობა შიმპანზეს გენომს ეკუთვნოდა, მაგრამ მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ფრაგმენტების ნაწილი შესაძლოა უცნობი ვირუსის შემადგენლობიდან ყოფილიყო. იმ დაშვებით, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები იქნებოდა ჰეპატიტის მქონე პაციენტების სისხლში, მეცნიერებმა  პაციენტთა შრატის გამოყენებით მოახერხეს ვირუსული ცილების კოდირების შესაბამისი კლონირებული ვირუსული დნმ-ის ფრაგმენტების გამოყოფა. შემდგომი კვლევის შედეგად გამოვლენილი იქნა ერთი დადებითი კლონი. აღმოჩნდა, რომ კლონი ეკუთვოდა ფლავავირუსების ოჯახის ახალი რნმ ვირუსს, რომელსაც ეწოდა C ჰეპატიტის ვირუსი.


ვირუსის აღმოჩენის მნიშვნელოვანი ეტაპის შემდეგ გაჩნდა კითხვა: იწვევდა თუ არა იგი დამოუკიდებულად ჰეპატიტს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებს უნდა დაედგინათ, შეეძლო თუ არა კლონირებულ ვირუსს გამრავლება და დაავადების გამოწვევა. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჩარლზ რაისმა, რნმ ვირუსებზე მომუშავე სხვა მეცნიერებთან ერთად, C ჰეპატიტის ვირუსის გენომის ბოლოში შენიშნა მანამდე შეუსწავლელი რეგიონი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონოდა ვირუსის რეპლიკაციაში. იზოლირებული ვირუსის ნიმუშებში მან ასევე აღმოაჩინა 4 გენეტიკური ვარიაცია და ივარაუდა, რომ ზოგიერთი მათგანი აფერხებდა ვირუსის რეპლიკაციას. გენეტიკური ინჟინერიის გამოყენებით რაისმა შექმნა C ჰეპატიტის ვირუსის რნმ ვარიანტი, რომელიც შეიცავდა ახალ აღმოჩენილ რეგიონს და მის შემადგენლობაში არ იყო შემაფერხებელი გენეტიკური ვარიანტები. ამ რნმ-ის შიმპანზეს ღვიძლში შეყვანის შემდეგ ვირუსის დეტექცია შესაძლებელი გახდა სისხლში და გამოვლინდა ქრონიკული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები.

 

C ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენის წყალობით, დღეს უკვე ხელმისაწვდომია მაღალი მგრძნობელობის სადიაგნოსტიკო ტესტები, რამაც რადიკალურად შეამცირა სისხლის გადასხმის შედეგად ჰეპატიტის გავრცელების სიხშირე. აღმოჩენამ ასევე ხელი შეუწყო ეფექტური ანტივირუსული საშუალებების განვითარებას. პირველად ისტორიის მანძილზე შესაძლებელი გახდა დაავადების სრულად განკურნება, რაც იმედს იძლევა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია მსოფლიოში მიღწევადია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა საერთაშორისო ძალისხმევა, რასაც 2015 წელს საქართველოც შეუერთდა C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით.