title
ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემა კომპლექსურია და უამრავ ადამიანს აწუხებს მსოფლიოში. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმომხმარებელ ადამიანთა უმრავლესობა სტიგმისა და დისკრიმინაციის მსხვერპლია, რამაც შესაძლოა კიდევ მეტად დააზიანოს მათი ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობა და ხელი შეუშალოს მათთვის აუცილებელი დახმარების მიღებას. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC) ხაზს უსვამს ადამიანზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც ფოკუსირებულია ადამიანის უფლებებზე, ემპათიასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებზე.
ნარკოტიკების ავადმოხმარებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 26 ივნისს აღინიშნება, რათა გაძლიერდეს თანამშრომლობა და ქმედებები ნარკოტიკების ავადმოხმარებისგან თავისუფალი სამყაროს მისაღწევად.
მიმდინარე წლის კამპანიის მიზანია ცნობიერების ამაღლება ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებლების მიმართ ემპათიითა და პატივისცემით განმსჭვალული დამოკიდებულების მნიშვნელობაზე; მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი სერვისების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის, სასჯელის ალტერნატიული ღონისძიებებით ჩანაცვლების და პრევენციული ღონისძიებების პრიორიტეტულობის შესახებ. კამპანია, ასევე, მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ გამოხატული სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას პატივისცემაზე დაფუძნებული და არა დასჯაზე ორიენტირებული მიდგომების მეშვეობით.
წელს ნარკოტიკების ავადმოხმარებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მთავარი მიზნებია:
• ცნობიერების ამაღლება ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებსა და მათი ოჯახის წევრებზე მიმართული სტიგმისა და დისკრიმინაციის უარყოფითი გავლენის შესახებ
• აივ-შიდსისა და ჰეპატიტების ეპიდემიის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა და პრევენციული პროგრამების გაძლიერება და გაფათოება
• ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთათვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა
• განათლების დონის ამაღლება ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარებასთან დაკავშირებული დარღვევების, ადრეული ჩარევის, ხელმისაწვდომი მკურნალობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ
• ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პატიმრობის არადამსჯელობითი, ალტერნატიული ღონისძიებების ადვოკატირება, როგორიცაა თემზე დაფუძნებული მკურნალობა და სერვისები
• სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა პატივისცემაზე დამყარებული და არა განმკიცხველი მიდგომების პოპულარიზაციის გზით
• საზოგადოების და ახალგაზრდების გაძლიერება ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარებისა და დამოკიდებულების განვითარების პრევენციის ხელშეწყობის მიზნით
https://www.unodc.org/unodc/en/drugs/index-new.html
ქვეყანაში არსებული სამედიცინო სერვისები
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული დარღვევების მქონე პირებთა რეაბილიტაციისა და ჩანაცვლებითი თერაპიის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანაში ფუნქციონირებს მეთადონისა და სუბოქსინის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამები. ხელმისაწვდომია აგრეთვე აბსტინენციაზე ორიენტირებული დეტოქსიკაციური მკურნალობა. ორივე ტიპის სერვისს ახორციელებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამკურნალო დაწესებულებები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამები.
საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს ზიანის შემცირების ეროვნული ქსელი. იგი ამჟამად 26 წევრ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ზიანის შემცირების პროგრამებების ბენეფიციარებისათვის ხელმისაწვდომია პრე-და პოსტ-კონსულტირების სერვისები და სკრინინგული ტესტირება სისხლით გადამდებ დაავადებებზე; ზედოზირების პრევენცია; თანასწორთათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება სერვისცენტრებში და სხვ.