Logo

ხშირად დასმული კითხვები რკინის დეფიციტთან დაკავშირებით

title

ხშირად დასმული კითხვები რკინის დეფიციტთან დაკავშირებით

რა არის რკინის დეფიციტი და რამდენად საზიანოა იგი ორგანიზმისთვის?

რკინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ადამიანის ორგანიზმში. ის წარმოადგენს ასეულობით  ცილოვანი მოლეკულისა და ფერმენტის აუცილებელ კომპონენტს. ჰემოგლობინი და მიოგლობინი არის რკინის შემცველი პროტეინები, რომლებიც ჩართულნი არიან ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და შენახვაში. ჰემოგლობინზე მოდის ორგანიზმში არსებული რკინის მთლიანი რაოდენობის 2/3. ჰემოგლობინის სასიცოცხლო ფუნქცია არის ჟანგბადის ტრანსპორტირება ფილტვებიდან მთელ ორგანიზმში, ხოლო მიოგლობინს აქვს ჟანგბადის კუნთებში შეტანისა და მცირე ხნით შენახვის ფუნქცია, იმისათვის, რომ გამოიყენოს კუნთების მუშაობის დროს. რკინა მონაწილეობს აგრეთვე დნმ-ს სინთეზში და სხვა სასიცოცხლო ფუნქციებში (იმუნური ფუნქცია, ზრდა, რეპროდუქცია და სხვა).

რკინის დეფიციტის ძირითად გამოვლინებას რკინა-დეფიციტური ანემია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რკინის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ რკინის შემცველი პროდუქტების არასაკმარისი მიღებით, არამედ, აგრეთვე ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინის ბრალეულობით, ჰელმინთოზით, სისხლის დაკარგვით და სხვ.

რკინადეფიციტური ანემია (რდა) არის ანემია, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცირებით, რის შედეგადაც ირღვევა ჰემოგლობინის სინთეზი და მცირდება მისი კონცენტრაცია თითოეულ ერითროციტში. რდავითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა ბალანსი მიღებულსა და დახარჯულ რკინას შორის. იგი ყველაზე გავრცელებული კვებითი დეფიციტია და ანემიის უპირველეს მიზეზს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში.

გამოყოფენ რკინის დეფიციტის 2 ფორმას: 1. რკინის ფარული (ლატენტური) დეფიციტი _ ხასიათდება რკინის მარაგისა და სატრანსპორტო რკინის შემცირებით, ნორმალური ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებლებით; 2. რკინადეფიციტური ანემია _ ხასიათდება ყველა მეტაბოლური ფონდის (მათ შორის სატრანსპორტოც) შემცირებით, ასევე ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებით.

რა შეიძლება გამოიწვიოს რკინის დეფიციტმა?

რკინის დეფიციტმა:

  • შესაძლოა შეაფერხოს ნაყოფის მოტორული ან მენტალური ფუნქციის ნორმალური განვითარება.
  • რკინა-დეფიციტური ანემია ორსულობის პერიოდში ზრდის ნაყოფის ზრდის შეფერხების და ნაადრევი მშობიარობის რისკს. მკვეთრად მაღალია მცირე წონით დაბადებულებსა და დღენაკლულ ახალშობილებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების განვითარების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში.
  • რკინის დეფიციტის შედეგად მკვეთრად ქვეითდება  შრომის  უნარი მოზრდილებში.  ასევე უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებასა და სხვა მენტალურ ფუნქციებზე.
  • ბავშვებში რკინა-დეფიციტური ანემია იწვევს ყურადღების კონცენტრირების უნარის დარღვევას, მეხსიერების, შემეცნების პრობლემებსა და სწავლის უნარის დაქვეითებას. ხშირია აგრეთვე  ქცევითი დარღვევების განვითარების რისკი.
  • რკინის დეფიციტი იწვევს  ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ხელს უწყობს ვირუსული  თუ ბაქტერიული ინფექციებით ავადობის მაღალ სიხშირეს.

 რა იწვევს რკინის დეფიციტს?

 რკინის დეფიციტი შეიძლება მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს. გამომწვევი მიზეზები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:

1.    ორგანიზმის მოთხოვნილების გაზრდა რკინისადმირაც შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • ზრდის სწრაფი ტემპის გამო ჩვილი და მცირე ასაკის ბავშვები, ისევე როგორც მოზარდები საჭიროებენ რკინის უფრო მეტ რაოდენობას. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება ზოგჯერ ვერ ხერხდება მხოლოდ საკვების საშუალებით.
  • რკინის ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობა სჭირდება ასევე ორსულის ორგანიზმს და მეძუძურ დედებს. უმრავლეს შემთხვევაში ექიმები საჭიროდ თვლიან რკინის პრეპარატების დამატებით დანიშვნას ორსულებში.
  • რკინის ჭარბი რაოდენობით დაკარგვა: სისხლის დაკარგვასთან ერთად ადამიანი კარგავს რკინასაც. რაც ვითარდება მენო-მეტრორაგიებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენისას, ასევე ხშირი დონაციის შედეგად.

2.    ა) რკინის არასაკმარისი მიღება, ან

        ბ) შეწოვის დაქვეითება (ორგანიზმის მიერ რკინის არასაკმარისი ათვისება)

 

რით განისაზღვრება ორგანიზმის მიერ რკინის ათვისების მდგომარეობა?

საკვებიდან ათვისებული რკინის რაოდენობას განსაზღვრავს მრავალი ფაქტორი:

  • ფრინველის, საქონლისა და თევზის ხორცში შემავალი რკინა („ჰემური“ რკინა) 2-3-ჯერ უფრო კარგად შეიწოვება მცენარეების რკინასთან შედარებით („არაჰემური“ რკინა).
  • მცენარეებიდან შეწოვილი რკინის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სხვა რა საკვებთან ერთად ვიღებთ მას.
  • „ჰემური“ (heme) რკინის შემცველი საკვები (ფრინველის, საქონლის ხორცი და თევზი) ხელს უწყობს „არაჰემური“ (nonheme) რკინის შემცველი საკვებიდან (ფორტიფიცირებული მარცვლეული, ზოგიერთი პარკოსანი, ისპანახი) რკინის ათვისებას.  
  • C ვიტამინის შემცველი საკვები ასევე აადვილებს „არაჰემური“ რკინის შეწოვას ერთდროულად მიღების შემთხვევაში.
  • ჩაის, ყავის, რძის და ზოგიერთი სხვა პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი გარკვეული ნივთიერებები (პოლიფენოლები, ფიტატები, კალციუმი) ართულებენ საკვებიდან „არაჰემური“ რკინის შეწოვას.
  • ვეგეტარიანული დიეტა რკინის დაბალი შემცველობისაა, თუმცა სწორი დაგეგმვით შესაძლებელია ორგანიზმის მიერ შეთვისებული რკინის რაოდენობის გაზრდა.
  • ზოგიერთმა სხვა ფაქტორმა (როგორიცაა ანტაციდების გადაჭარბებული დოზა, პეპტიკური წყლულისა და რეფლუქსის სამკურნალო პრეპარატები) შეიძლება შეამციროს კუჭში მარილმჟავას რაოდენობა, რაც თავის მხრივ რკინის შეწოვის დაქვეითებას და რკინის დეფიციტის განვითარებას გამოიწვევს.

რომელი პროდუქტებია რკინით მდიდარი?

რკინით მდიდარი პროდუქტებია: ხილი (გარგარი, ანანასი, ყურძენი, ვაშლი), მჭლე ხორცი (საქონლის და ღორის ღვიძლი), თევზი, მოლუსკები, ხამანწკები, ბოსტნეული (წითელი წიწაკა, სალათის ფოთოლი, კარტოფილი, ნიორი) პარკოსნები (ლობიო), რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ნიგოზი და მარცვლოვანი პროდუქტი, გოგრის თესლი, კომბოსტო (ყვავილოვანი კომბოსტო), ჭარხალი, ცხოველური საკვებიდან რკინა უფრო კარგად შეითვისება ვიდრე მცენარეულიდან.რკინის შეწოვა ამ პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად არის დამკიდებული კვების რაციონზე.

რა რაოდენობის რკინა გვესაჭიროება?

რკინის მიღების დღიური საჭიროება ((Recommended Dietary Allowance (RDA)) საშუალოდ შეადგენს მოზრდილებისათვის 8 მგ მამაკაცებში და 18 მგ ქალებში, ხოლო ორსულებში 27 მგ.

ვინ წარმოადგენს რისკის ჯგუფს?

რისკის ჯგუფს წარმოადგენს:

  • მცირე ასაკის ბავშვებში, ორსულ ქალებსა და მეძუძურ დედებში რკინის დეფიციტის რისკი უფრო მაღალია სწრაფი ზრდის პროცესისა და რკინისადმი გაზრდილი მოთხოვნილების გამო.
  • სქესობრივად მომწიფებული გოგონები და რეპროდუქციული ასაკის ქალები წარმოადგენენ რისკის ჯგუფს მენსტრუაციის გამო.
  • ბავშვებში რკინის დეფიციტი უფრო ხშირია 6 თვიდან 3 წლამდე ასაკში, სწრაფი ზრდის პროცესისა და საკვებიდან რკინის არასაკმარისი მიღების გამო.
  • მაღალი რისკის ქვეშ არიან:
  • დღენაკლული ან დაბადების მცირე წონის მქონე ბავშვები.
  • ბავშვები, რომელთაც ძროხის რძის მიღება 12 თვემდე დაიწყეს.
  • ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები, რომელთაც 6 თვის შემდეგ არ დააწყებინეს რკინით გამდიდრებული მარცვლეულის ან რკინით მდიდარი სხვა საკვების მიღება.
  • ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები, რომლებიც არ იღებენ რკინით მდიდარ საკვებს.
  • 1–დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებენ ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ძროხის, თხის ან სოიოს რძეს (მეტი 700 მლ-ზე).
  • ბავშვები ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემებით, მაგალითად, ქრონიკული ინფექციებით ან შეზღუდული დიეტებით.

რა ნიშნები ახასიათებს რკინის დეფიციტს. 

რკინის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს 2 სინდრომით: ანემიური და სიდეროპენიული.

ანემიური სინდრომი - განპირობებულია ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცირებით და წარმოდგენილია არასპეციფიური სიმპტომებით: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გულისცემის გახშირება, ჰაერის უკმარისობა, ძილიანობა, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება. გამოხატული ანემიის დროს ხშირდება სტენოკარდიული შეტევები, ვითარდება იშემიური დაავადებების გამწვავება. სინდრომის გამოვლენა მნიშვენლოვნად არის დამოკიდებული დაავადების განვითარების სიჩქარეზე. უფრო ხშირად დაავადება ნელა ვითარდება. ავადმყოფი ეგუება ამ მდგომარეობას, განსაკუთრებით ეს ეხებათ ქალებს და ისინი უკვე ღრმა ანემიის შემთხვევაში მიმართავენ ექიმს.

სიდეროპენიული სინდრომი - ჰიპოსიდეროზი დაკავშირებულია რკინის ქსოვილოვან დეფიციტთან. გამოყოფენ ორგანოების 4 ჯგუფს, რომლებშიც ჰიპოსიდეროზი მაქსიმალურად არის გამოხატული: 1) კანი და ლორწოვანი გარსები (სიმშრალე, თმის და ფრჩხილების დაზიანება); 2) კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (მადის დაქვეითება და გაუკუღმარეთება, დისფაგია, შეკრულობა ან დიარეა); 3) ნერვული სისტემა - ადვილად დაღლა, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება; 4) სისხლძარღვოვანი სისტემა (ტაქიკარდია, დიასტოლური დისფუნქცია). ქვეითდება ასევე უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლები. ავადმყოფები ადვილად ავადდებიან ინფექციური და ვირუსული დაავადებებით. დამახასიათებელია გაუკუღმართებული გემოვნება - სურვილი ჭამონ ცარცი, მიწა, უმი ხორცის ფარში და სხვა (პათოფაგია). უჩვეულო მიდრეკილება გარკვეული სუნების მიმართ: აცეტონი, ბენზინი და სხვა (პათოსომია).  დამახასიათებელია ლორწოვანისა და კანის სიფერმკრთალე, ზოგჯერ მომწვანო ელფერით - ქლოროზი. კანს აქვს მოყვითალო ცვილის ფერი მხოლოდ პირის ირგვლივ. ლურჯი სკლერების სიმპტომი ხასიათდება სკლერების სილურჯით. შარდის შეუკავებლობა სიცილის, ხველის დროს, ზოგჯერ ღამის შარდის შეუკავებლობა,.

როგორ ხდება რკინის დეფიციტის მკურნალობა?

მკურნალობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და რკინის დეფიციტის გამომწვევი მიზეზი. რკინის დეფიციტის დროს ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რკინის პრეპარატები და გარკვეული დროის შემდეგ ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის განმეორებითი ტესტირება. თუკი ექიმი გადაწყვეტს, რომ რკინის დეფიციტი გამოწვეულია საკვების საშუალებით რკინის მცირე რაოდენობის მიღებით, შესაძლოა გირჩიოთ რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოსტირება ექიმის მიერ, ვინაიდან რკინის დეფიციტი შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული კვებასთან და გამოწვეული იყოს სხვა მიზეზით. ექიმის რეკომენდაციები ინდივიდუალურია ყველა ცალკეული შემთხვევისთვის.

რა უნდა გავაკეთოთ რკინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად?

იკვებეთ ჯანსაღად და რკინის საკმარისი რაოდენობით შემცველი საკვებით. გარდა ამისა, მიირთვით საკვები, რომელიც დაეხმარება თქვენს ორგანიზმს რკინის უკეთ ათვისებაში. მაგალითად, შეგიძლიათ მიირთვათ C ვიტამინით მდიდარი ხილი ან ბოსტნეული იმ საკვებთან ერთად, რომელიც შეიცავს „არაჰემურ“ რკინას. C ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს „არაჰემური“ რკინის ათვისებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „არაჰემური“ რკინითა და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები მიღებულია ერთ კვებაზე.

მაღალი რისკის  ჯგუფებისთვის მოწოდებულია შემდეგი რეკომენდაციები:

ჩვილი ბავშვები

  • სასურველია, პირველი 12 თვის განმავლობაში ბავშვი გყავდეთ ძუძუთი კვებაზე (ვინაიდან ქალის რძიდან საუკეთესოდ ხდება  რკინის შეწოვა), 4-6 თვიდან კი დააწყებინოთ რკინით გამდიდრებული საკვების მიღება. ორი ან სამი ამგვარი კვება დღეში აკმაყოფილებს ამ ასაკში რკინისადმი მოთხოვნილებას.
  • 6 თვის ასაკიდან ყოველდღიურად მიეცით C ვიტამინითა და რკინით მდიდარი პროდუქტები ერთ კვებაზე, რაც ხელს შეუწყობს რკინის უკეთ ათვისებას.
  • იმ შემთხვევაში, თუ ძუძუთი კვება შეუძლებელია, გამოიყენეთ რკინით გამდიდრებული ფორმულა.
  • თუ თქვენი ბავშვი დაიბადა ნაადრევად ან მცირე წონით, მიიღეთ ექიმისგან რეკომენდაციები რკინის წვეთების მიცემის თაობაზე.

1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები

  • მიეცით ბავშვს რკინით მდიდარი საკვები. ასევე, C ვიტამინით მდიდარი ხილი, ბოსტნეული და წვენები.

სქესობრივად მომწიფებული გოგონები და რეპროდუქციული ასაკის ქალები

  • მიირთვით რკინით მდიდარი პროდუქტები. მიირთვით წითელი მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი. ამ საკვებში შემავალი რკინა ორგანიზმისთვის უფრო ადვილად ასათვისებელია მცენარეების შემადგენლობაში შემავალ რკინასთან შედარებით.
  • მიირთვით C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები.

ორსული ქალები

  • მიირთვით რკინით მდიდარი პროდუქტები
  • მიირთვით C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები.
  • გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი, შრატის რკინის კონტროლი საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობისა და რკინის დანამატების მიღების თაობაზე.

 

რა მდგომარეობა რკინის დეფიციტის მხრივ მსოფლიოში და მ.შ. საქართველოში?

ანემიის დაახლოებით 2 მილიარდი შემთხვევა აღირიცხება  მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში,  სხვადასხვა გენეზის ანემიათა შორის რკინა-დეფიციტურ ანემიაზე (რდა) მოდის 70-80%. ის ყველაზე ხშირად გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, ორსულ და მეძუძურ ქალთა შორის, აგრეთვე ადრეული და პუბერტული ასაკის ბავშვებში. განსაკუთრებით მაღალია ავადობის სიხშირე სუსტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში (არასრულფასოვანი კვება - რკინით, ცილებითა და ვიტამინებით ღარიბი საკვები პროდუქტების მიღება, სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობა). განვითარებულ ევროპის ქვეყნებში ქალებისა და ბავშვების რდა ავადობა შეადგენს 7-14%. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 40%-ზე მეტია (ანემიის გავრცელების მაჩვენებელი ორსულ ქალებსა და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში აღწევს 50%-ს). აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 65-70% აღწევს. მსოფლიოში ორსული ქალების თითქმის ნახევარი სავარაუდოდ ანემიურია. ბოლო წლებში რდა ავადობამ მოიმატა საქართველოშიც.

ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით, საქართველოსთვის ანემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის „საშუალო“ სირთულის პრობლემას წარმოადგენს (პრევალენტობა 20–39%). ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია,  ვიდრე ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

2009 წელს საქართველოში ჩატარდა ნუტრიციის ეროვნული კვლევა (GNNS), რომელმაც მოიცვა 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 15-49 ასაკის არაორსული ქალები და ორსულები.  კვლევის შედეგების მიხედვით: 1) 5 წლამდე ასაკის ბავშვთა 22.8%-ს; არაორსული ქალების 24.1%-ს და ორსულების  25.6%-ს აღენიშნა სხვადასხვა ფორმით გამოხატული ანემია.

რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს ამ პრობლემების (ფოლიუმის და რკინის დეფიციტის) მოსაგვარებლად?

აღნიშნული ჯანდაცვითი პრობლემების პრევენციის ერთ-ერთი მეცნიერულად დადასტურებული მიდგომაა ამ მიკრონუტრიენტებით საკვები პროდუქტის გამდიდრება და გამდიდრებული პროდუქტის ან/და ვიტამინის სახით გამოყენების ხელშეწყობა.  პურის ფქვილის ფორტიფიკაციის ინიციატივას (FFI) 15 წლიანი ისტორია აქვს. 1996 წელს, ომანი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ნაციონალურ დონეზე დანერგა ფქვილის ფორტიფიკაციის სტრატეგია, ნერვული ღეროს დეფექტების პრევენციის მიზნით.  აშშ-მ და კანადამაც ამ წელს (1996) დაიწყეს ფქვილის ფორტიფიკაცია.  2007 წელს დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს მიუწვდებოდა ხელი „გამდიდრებულ“ პროდუქტზე, რაც 540 მილიონით აღემატებოდა 2004 წლის მონაცემებს.  ყოველწლიურად იზრდება ქვეყნების რიცხვი, სადაც  რკინის და ფოლიუმის მჟავას, მოსახლეობის რისკის ჯგუფებისათვის დამატებითი მიწოდების საჭიროება ეროვნულ სტრატეგიულ გეგმებში აისახება.

ამჯამად ფქვილის სავალდებულო ფორტიფიკაცია მსოფლიოს 61 ქვეყანაში მიმდინარეობს. აქედან 55 ახდენს გამდიდრებას ორივე კომპონენტით (რკინით და ფოლიუმით), 5 მხოლოდ რკინით და 1 მხოლოდ ფოლიუმის მაჟავათი.

აშშ -ში ყოველწლიურად იმართება ფოლიუმის მჟავას შესახებ ცნობიერების ამაღლების ნაციონალური კვირეული (National Folic Acid Awareness Week), როდესაც ხდება მოსახლეობის ინფორმირება და სხვა მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარება.

და პრევენციული შედეგიც ასეთია:

აშშ გაკეთებულმა ეკონომიკურმა ანალიზმა ფოლიუმის მჟავათი ფორტიფიკაციის ეფექტურობის შესახებ აჩვენა, რომ ფქვილის ფორტიფიკაციის პროგრამულმა დანახარჯმა შეადგინა 3 მლნ აშშ დოლარი/წელიწადში და დაზოგილ იქნა 145 მლნ აშშ დოლარი/წელიწადში, ანუ ინვესტირებულ 1 დოლარზე კეთდება 45 დოლარის ეკონომია (მარტო  “spina bifida” -ს მკურნალობას  460.000 აშშ დოლარი/პაციენტზე სჭირდება).  NTDs ის  გავრცელების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო ფორტიფიკაციის სავალდებულო სტრატეგიის დანერგვის შედეგად. კერძოდ 2006 წლისთვის აშშ-ში ნერვული მილის დეფექტების გავრცელება შემცირდა 37%-ით (1998 წლიდან აშშ-ში ფედერალური კანონი ითვალისწინებს ფოლიუმის მჟავათი ისეთი პროდუქტების სავალდებულოდ გამდიდრებას, როგორიცაა: მარცვლეული, ფქვილი, პურ-ფუნთუშეული, მაკარონი); კანადაში 46% -ით, კოსტა-რიკაში -35%-ით; ჩილეში -41%-ით; სამხრეთ აფრიკაში კი -31%-ით. ანუ ფორტიფიკაციის დაწყებიდან ქვეყნებმა დაადასტურეს ნერვული ღეროს დეფექტების (NTDs) 30-50% -ით შემცირება (დადასტურებულია, რომ NTDs-ს 50-70% შეიძლება თვიდან იქნას აცილებული ყოველდღიურად ფოლიუმის მჟავას ადეკვატური მიღებით).  მსოფლიოში სულ მცირე 22 000 ფატალური შედეგი ან ნერვული ღეროს დეფექტი („spina bifida“) არის თავიდან აცილებული ამ სტრატეგიის წყალობით ყოველწლიურად, ანუ დღეში 60 ბავშვის გადარჩენა ხერხდება.  აგრეთვე „spina bifida“ -ს სამკურნალო თანხების დაზოგვაა შესაძლებელი, რომელიც მილიონობით დოლარს ითვლის. ვინაიდან, აშშ -ში ყოველწლიურად დაახლოებით 3000 ორსულობაა მოსალოდნელი „Spina bifida” -ს ან “ანენცეფალის“ -ის თანხლებით.