Logo

ფიზიკური აქტივობა მწეველებში

title

ფიზიკური აქტივობა მწეველებში  თამბაქოზე თავის დანებების  და არამწეველებში თამბაქოს მოხმარების პრევენციის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა.

რატომ?

  • ის მცირებს თამბაქოს გადაგდების სიმპტომებს, როგორიცაა  გაღიზიანებადობა, დეპრესია, უძილობა...

თამბაქოს გადაგდების შემდეგ ხასიათის ცვლილება გავრცელებული მოვლენაა, რაც როგორც წესი ერთი-ორი კვირა გრძელდება. ფიზიკური აქტივობა მანამდე უნდა დაიწყოთ სანამ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას გადაწყვეტთ. ის დაგეხმარებათ დაძლიოთ ეს დროებითი სიმპტომები. 

ხშირად სვამენ კითხვას - „თუ თამბაქოს მოხმარების  შემდეგ დეპრესია დამემართება, ისევ დავიწყო მოწევა“?  არა! თამბაქოს მოხმარება არ კურნავს დეპრესიას!  სწორედ ფიზიკური აქტივობა დაგეხმარება მოძებნო ძალა და უთხრა შენს თავს: „მე არ მინდა“  - ის ამაღლებს თვითშეფასებას, განწყობას, ენერგიას.

გახსოვდეს: თამბაქოს მოხმარება საგრძნობლად ამცირებს შენი სპორტული მიღწევების შედეგებს, მამაკაცებში ზრდის იმპოტენციის  და ქალებში უნაყოფობის რისკს.  ორსულობის დროს იწვევს სერიოზულ გართულებებს! გარდა ამისა, ორსულობის დროს და მის შემდეგ თამბაქოს მოხმარება „ბავშვის უეცარი სიკვდილის“  სინდრომის გამოწვევის ერთერთი დიდი რისკია. ორსულობის დროს მწეველ დედას დიდი რისკი აქვს მისი შვილი  „კურდღლის ტუჩის“ ან „მგლის ხახის“ დეფექტით დაიბადოს.

ყოველთვის გახსოვდეს:  შენს მიერ მოხმარებული თამბაქოს კვამლი საფრთხეს უქმნის არა მარტო შენს, არამედ გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას! საქართველოში წელიწადში დაახლოებით 3 000 ადამიანი პასიური მოწევის მსხვერპლია და 80%-ზე  მეტი ბავშვი თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება (GYTS 2008).

გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანები გაცილებით იოლად და სწრაფად ანებებენ თავს, ხოლო მოზარდები არ იწყებენ თამბაქოს მოხმარებას. რეგულარული ფიზიკური აქტივობის შემდეგ ერთ დღესაც გაიღვიძებ და მიხვდები, რომ სიგარეტის მოთხოვნილება აღარ გაგაჩნია და ამ „მბოლავ ღერზე“ აღარა ხარ დამოკიდებული! რაღაცის „მონობიდან“ განთავისუფლება ყოველთვის ამაღლებს: თვითშეფასებას, განწყობას და მატებს ენერგიას.

  • მწეველობის მრავალწლიანი სტაჟის შემთხვევაში ფიზიკური აქტივობა უბრუნებს ორგანიზმს გაჯანსაღების შანსს!

სხვადასხვა კვლევებისა და დაკვირვების შემდეგ სპეციალისტებმა გამოთვალეს რეგულარული ფიზიკური აქტივობის დახმარებით,  როგორი თანმიმდევრობით თავისუფლდება ორგანიზმი  თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის შემდეგ, მწეველობის მრავალწლიანი სტაჟის წყალობით ნაგროვები შხამისაგან: 12 საათში სისხლში ნახშირჟანგის დონე მცირდება და ნორმას უბრუნდება,  2-12 კვირაში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება, 1-9 თვეში ხველება და ქოშინი მცირდება, 5-15 წლის შემდეგ კი ინსულტის განვითარების რისკი ისეთივეა, როგორიც არამწეველებში.

 

იყავი ფიზიკურად აქტიური და ის დაგეხმარება აკონტროლო ქცევითი რისკ-ფაქტორები: თამბაქოს, ჭარბი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, არაჯანსაღი კვება და ძალადობა. რეგულარული ფიზიკური აქტოვობა ძირითად როლს ასრულებს შენი ორგანიზმის ნორმალურ ენერგეტიკულ ცვლასა და წონის შენარჩუნებაში.

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო