Logo

გაატარეთ ზაფხული უსაფრთხოდ და ჯანმრთელად!

title


ზაფხული ყოველთვის დასვენებასთან, ძალების აღდგენასთან და თავგადასავლებთან ასოცირდება, თუმცა წლის ამ სეზონზე ბევრი საშიში ინფექციით დაავადების და სხვადასხვა ტრავმების მიღების რისკი განსაკუთრებულად იზრდება.  დასვენებასთან ერთად თუ გაითვალისწინებთ მარტივ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც ძნელი არ არის თავიდან აიცილებთ ისეთ ინფექციებს, როგორიცაა: A ვირუსული ჰეპატიტი, სალმონელოზი, დიზინტერია, ამებიაზი, საკვების მიერი ტოქსიკოინფექციები, ჯილეხი, ბრუცელოზი, ლეპტოსპიროზი, მალარია,  სხვადასხვა პარაზიტული დაავადებები, ჰელმინთები და სხვა დიარეით მიმდინარე ვირუსული თუ ბაქტერიული დაავადებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექციური დაავადებები საკმაოდ ფართოდაა  გავრცელებული, მოსახლეობის მონდომება გარემოს დაბინძურებისგან დაცვის საქმეში, საკვები პროდუქტის მომზადება-ტრანსპორტირება-რეალიზაციის წესების განუხრელად დაცვაში, ხელების  ხშირი და სწორი დაბანით ამ დაავადებებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

•            ხელები ხშირად და  გულმოდგინედ უნდა დავიბანოთ თბილი გამდინარე წყლითა და საპნით. განსაკუთრებით: სახლში შესვლისთანავე, ჭამის წინ, ტუალეტით სარგებლობის, ნაგავთან შეხების, ცხოველებთან კონტაქტის, ცხვირის მოწმენდის, დახველების ან დაცემინების შემდეგ.  ხელების დაბანას სულ მცირე 40-60 წამი მაინც უნდა დავუთმოთ. დაბანის შემდეგ საგულდაგულოთ გავიმშრალოთ მშრალი, სუფთა ხელსაწმენდით, შეიძლება ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცის გამოყენებაც[i]. ამ ელემენტარული რეკომენდაციის გათვალიწინების დახმარებით შევამცირებთ დაავადების რისკს: შიგელოზით (დიზინტერია), A ვირუსული ჰეპატიტით, ამებიაზით, ჰელმინთებით.

•            აუცილებელია უარის თქმა: ვეტერინალური სამსახურის მიერ შეუმოწმებელი ცხოველური საკვები პროდუქტების შეძენა-მოხმარებაზე,  “ქუჩაში კვებაზე“,  საეჭვო დაწესებულებებში მომზადებულ კვების პროდუქტებზე,  კარგად უნდა მოიხარშოს ან შეიწვას  მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები:  ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი და კვერცხის პროდუქტი (დიდი რისკია უმი და არასრულად მოხარშული საკვების გამოყენება), კრემები, ნამცხვრები და ტორტები უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 80C ტემპერატურისა, მოვერიდოთ მათ ტრანსპორტირებას (ზაფხულის პერიოდში უმჯობესია კრემიანი ტორტებისა და ნამცხვრების მოხმარებისაგან თავის შეკავება) დაუშვებელია აუდუღარი/არაპასტერიზებული რძისაგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ან მისი მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვრისკავთ ჯილეხით[ii], ბრუცელოზით, სალმონელოზით, სხვა საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციებით ინფიცირების რისკით[iii].

 •           ხილი და ბოსტნეული მოხმარების წინ   საგულდაგულოდ უნდა გაირეცხოს. მწვანილი  გამოყენების წინ 10-15 წუთით უნდა ჩალბეს სუფთა წყალში  და შემდეგ კარგად გაირეცხოს გამდინარე წყლით. გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების დროს სერიოზული რისკია სხვადასხვა პარაზიტული და ჰელმინთებით დაავადების განვითარების.

•   ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს  შეამცირებს საცხოვრებელი ბინების მწერებისა (კარ-ფანჯრის აბადვა)  და მღრღნელებისაგან დაცვა.

•   მოვერიდოთ წყალსატევებთან და ჭაობიან ადგილებთან ახლოს ყოფნას. ბანაობას უნდა მოვერიდოთ იქ სადაც შინაური ცხოველები წყურვილის მოსაკლავად ხშირად დადიან და შარდით აბინძურებენ სანაპიროს. ამ რეკომენდაციის გათვალიწინებით თავიდან აიცილებთ ლეპტოსპიროზით დაავადების რისკს[iv],  რომელიც მაღალი ცხელებით, ღებინებით, სიყვითლით და ზოგადი ძლიერი სისუსტით მიმდინარეობს, საჭიროებს ხანგრძლივ და სერიოზულ მკურნალობას (რამდენიმე დღიდან, სამ კვირამდე და მეტიც)[v].

მოვერიდოთ ხშირ-ბუჩქნარიან ადგილებში სეირნობას, სადაც შესაძლებელია მწერების, სხვადასხვა ტკიპებისა და ქვეწარმავლების არსებობა. სავარაუდოდ გველები იმ ადგილებს ეტანებიან სადაც ბევრი ბაყაყი და მღრღნელია. შემთხვევით მაინც თუ  გადაეყრებით მოერიდეთ აქტიურ მოქმედებებს, არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.

გველისაგან დაკბენის შემთხვევაში ნუ დაიწყებთ იმის გარკვევას შხამიანი იყო თუ უშხამო, სასწრაფოდ იმოქმედეთ და დაიწყეთ უახლოესი სამედიცინო დახმარების  პუნქტის ძებნა ანტიგიურზული შრატის გასაკეთებლად და შემდგომი ღონისძიებების ჩასატარებლად, რასაც ექიმები გადაწყვეტენ, მანამდე ნაკბენი ადგილი ცივი სუფთა წყლითა და საპნით ჩამოიბანეთ და სუფთა სახვევით შეიხვიეთ, არ შეიძლება სისხლის გამოწოვა, ნაკბენის გაკვეთა, ლახტის დადება. თუ ნაკბენი კიდურზეა, გააჩერეთ კიდური ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. სამედიცინო პუნქტამდე მისვლამდე მიიღეთ დიდი რაოდენობით ნებისმიერი სითხე სპირტიანი სასმელის გარდა[vi].

ზაფხული მზეზე გარუჯვის გარეშე ძნელი წარმოსადგენია, გაირუჯეთ ნელა და თანდათან. მზისგან დამცავი კრემი წაისვით სახლიდან გასვლის წინ 20 წუთით ადრე. ზაფხულის ცხელ დღეებში რეკომდირებულია თავისუფალი, ღია ფერის ტანსაცმლისა და საზაფხულო ქუდის ტარება. მზის დაკვრა ხდება როგორც მზიან, ასევე ღრუბლიანი ამინდშიც. ზაფხულის ძალიან ცხელ დღეებში არ არის რეკომენდირებული ძლიერი ფიზიკური აქტივობა არც ვარჯიშის და არც ფიზიკური შრომის დროს. მიიღეთ დიდი რაოდენობის სითხე. ზღვაში არ შეხვიდეთ მარტო ან ნასვამ მდგომარეობაში[vii].

უსაფრთხოდ და ჯანმრთელად გატარებული ზაფხული მთელი წელი ხალისიან და ჯანსაღ განწყობას შეგიქმნით!

[i] http://www.cdc.gov/handwashing/

[ii] http://www.who.int/csr/disease/Anthrax/en/index.html

[iii] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs237/ru/

[iv] http://www.cdc.gov/leptospirosis/prevention/index.html

[v] http://www.cdc.gov/leptospirosis/symptoms/index.html

[vi] http://wwwnc.cdc.gov/travel/page/relief-workers.htm

[vii] http://www.cdc.gov/niosh/docs/2010-116/