title
„თირკმლის მსოფლიო დღე“ ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოებისა (ISN) და თირკმლის ფონდების საერთაშორისო ფედერაციის (IFKF) ერთობლივი ინიციატივაა. ეს დღე 2006 წლიდან ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს, მსოფლიოს 100 ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება თირკმლის დაავადებებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის თირკმლის ნორმალური ფუნქციის როლის შესახებ, ხაზს უსვამს პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას მთელ მსოფლიოში თირკმლის დაავადებების შესამცირებლად.
2020 წლის 12 მარტის თირკმლის მსოფლიო დღის სლოგანია: „ჯანმრთელი თირკმელი ყველას და ყველგან - პრევენციიდან დროულ გამოვლენასა და სამედიცინო მომსახურების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე“ (Kidney Health for Everyone Everywhere – from Prevention to Detection and Equitable Access to Care)
2020 წლის კამპანია ფოკუსირებულია პრევენციული ინტერვენციების მნიშვნელობაზე თირკმლის დაავადების განვითარების ან პროგრესირების თავიდან ასაცილებლად; უკვე ჩამოყალიბებული დაავადების დროულ გამოვლენაზე, სწორ მართვასა და ხარისხიან მკურნალობაზე.
თირკმლის ქრონიკული დაავადება წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემას მთელს მსოფლიოში. ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 850 მილიონ ადამიანს აქვს თირკმლის პათოლოგია.
მნიშვნელოვანი ფაქტები:
· მოზრდილ მოსახლეობაში, ყოველ მე-10 ადამიანს თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვს.
· ადამიანს თირკმლის ქრონიკული დაავადება აქვს, წელიწადში 2.4 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს და სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის მე-6 ადგილს იკავებს.
· 2040 წლისათვის, დაკარგული წლების მიხედვით, თირკმლის ქრონიკული დაავადება მსოფლიოში მე-5 ადგილს დაიკავებს.
· თირკმლის მწვავე დაავადება (AKI) დაახლოებით 13 მილიონ ადამიანს აღენიშნება, რაც დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში სიკვდილის შემთხვევების 85%-ის მიზეზია.
ქრონიკული დაავადებები ჯანმრთელობის უდიდეს დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, დანახარჯი დიალიზსა და თირკმლის ტრანსპლატაციაზე, ჯანდაცვის სისტემის წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 2-3%-ს შეადგენს. დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტთა უმრავლესობას ხელი არ მიუწვდებათ დიალიზსა და ტრანსპლანტაციაზე.
თირკმლის დაავადებების პრევენცია და დაავადების განვითარების პროგრესირების შეფერხება შესაძლებელია ადრეულ გამოვლენასა და დროულ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ქვეყანაში არსებობს არაგადამდებ დაავადებათა ეროვნული სტრატეგიები და პოლიტიკის დოკუმენტები, ყურადღების მიღმა რჩება თირკმლის დაავადებებისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების სკრინინგის, მართვისა და მკურნალობის შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებისაკენ მიმართული ინტერვენციები.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ინფორმირებულობის გაზრდა როგორც ზოგად მოსახლეობაში, ასევე პროფესიონალებსა და პოლიტიკის შემქმნელებში.
თირკმლის დაავადებების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს:
· შაქრიანი დიაბეტი
· პიპერტონული დაავადება
· არაჯანსაღი კვება
· მარილის ჭარბი მოხმარება
· წყლის არასათანადო რაოდენობით მიღება
· ადინამია
· მავნე ჩვევები
როგორ ავიცილოთ თავიდან თირკმლის დაავადებები:
· იყავით ფიზიკურად აქტიური;
· გააკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე; გააკონტროლეთ სისხლის წნევა;
· იკვებეთ ჯანსაღად; შეამცირეთ მარილის მიღება;
· აკონტროლეთ წონა;
· ყოველდღიურად მიიღეთ 1.5-2 ლ. წყალი. ეს თირკმელს ეხმარება მარილის, შარდისა და ტოქსინებისაგან ორგანიზმის განთავისუფლებაში;
· შარდ-კენჭოვანი დაავადების დროს კი, ახალი კენჭების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, ყოველდღიურად მიიღეთ 2–3 ლიტრი წყალი;
· არ მოწიოთ;
· ნუ მიიღებთ მედიკამენტებს გადაჭარბებულად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
თირკმლის ქრონიკული დაავადება:
· ადრეულ სტადიაზე თირკმლის ქრონიკულ დაავადებას სპეციფიური სიმპტომები არ გააჩნია;
· თირკმლის ქრონიკული დაავადება არ ინკურნება;
· თირკმლის დაავადების ადრეული გამოვლენა მისი ეფექტური მკურნალობის შანსს იძლევა;
· თირკმლის დაავადების სკრინინგი შარდის და სისხლის ანალიზით ხორციელდება;
· თირკმლის დაავადების პროგრესის შემთხვევაში ყალიბდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
თირკმლის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მისი ეფექტური მკურნალობისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა, რასაც შედეგად თირკმლის ფუნქციის აღდგენა, ზოგ შემთხვევაში სრულად განკურნება და კარდიო-ვასკულური გართულებების შემცირება მოჰყვება.
www.worldkidneyday.org
https://www.daysoftheyear.com/days/world-kidney-day/