title
ყვითელი ცხელება
1.ზოგადი მიმოხილვა - ყვითელი ცხელება მწვავე ვირუსულ ჰემორაგიული დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით. სიტყვა „ყვითელი“ მიგვანიშნებს დაავადების თანმხლებ სიმპტომზე - სიყვითლეზე, რომელიც უვითარდება პაციენტთა გარკვეულ ნაწილს. დაავადების მძიმე ფორმის დროს და მკურნალობის გარეშე, ლეტალური გამოსავალი მოსალოდნელია შემთხვევათა 50 %- ში.
ბოლო შეფასების მიხედვით, ყოველწილურად ყვითელი ცხელებით ავადდება 84 000- 170 000 ადამიანი და 60 000 შემთხვევა მთავრდება ლეტალურად. ყვითელი ცხელების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობოს. მკურნალობა სიმპტომურია.
ვირუსი ენდემურია აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამ დაავადებით გამოწვეული შემთხვევების რიცხვი მცირდება. საქართველოში ადგილობრივი შემთხვევები დარეგისტრურებული არ არის.
2.გამომწვევი აგენტი - გამომწვევია Flavivirus, Flaviviridae ოჯახის წარმომადგენელი. გადამტანია ინფიცირებული კოღო, უმეტესად Aedes სახეობის. ყვითელი ცხელება ასევე ვრცელდება Haemogogus სახეობის კოღოს მიერ, რომელიც უმეტესად გვხვდება ჯუნგლებში.
3.მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - ყვითელი ცხელების ენდემურ არეალში, როგორიცაა აფრიკა და სამხრეთ ამერიკა - მოგზაურობა.
4. რეზერვუარი - ურბანულ ზონაში მტარებლებს წარმოადგენენ ადამიანები და Aedes სახეობის კოღოები. ტყეში კი ინფექციის წყარო და რეზერვუარი შეიძლება იყოს გარეული ცხოველი (მაიმუნი, ოპოსუმი, იშვიათად სხვა სახეობა).
5. გადაცემის გზები - ინფიცირებული კოღოს კბენით. ამავე სახეობას გადააქვს ზიკა ვირუსი, ჩიკუნგუნია და დენგეს ვირუსი. კოღო ინფიცირდება დაავადებული ადამიანის ან მაიმუნის კბენის შედეგად. დაავადება ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.
6.ინკუბაციური პერიოდი - 3-6 დღე.
7.გადამდებლობის პერიოდი - კოღო ინფიცირდება ადამიანის ვირემიულ ფაზაში დაკბენისას, რომელიც გრძელდება ცხელების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში. კბენიდან 9-12 დღის შემდეგ კოღო ხდება გადამდები.
8. მიმღებლობა - ყველა ადამიანი ხდება ავად, ვისაც აქვს რისკის ფაქტორებთან შეხება. დაავადების გადატანის შემდეგ ადამიანს უვითარდება მყარი იმუნიტეტი.
9. კონტროლის ღონისძიებები -
ა) პრევენციული ღონისძიებები :
- ვაქცინაცია ყვითელი ცხელების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ვაქცინა უსაფრთხო და ხელმისაწვდომია. ერთჯერადი დოზა უზრუნველყოფს დაავადების წინააღმდეგ მუდმივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
- კოღოს კბენისგან თავდაცვა - კოღოს საწინააღმდეგო რეპელენტების გამოიყენება;
ინსექტიციდების გამოყენება ზრდასრული კოღოებისა და მატლების წინააღმდეგ; ფანჯრის და საწოლის ბადეების გამოყენება;
- მიმდებარე ტერიტორიაზე, წყლის შესანახი კონტეინერების დაცლა, გაწმენდა, თავდახურულ მდგომარეობაში მოყვანა.
ბ)პაციენტის და კონტატების კონტროლი-პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კი აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.
ყვითელი ცხელება სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა. ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ - ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისას, ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად.
გ)ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები-პაციენტი უნდა იქნას იზოლირებული, რათა თავიდან იქნას აცილებული კოღოსგან დაკბენა გადამდებლობის პერიოდში.
დაავადება არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს კონტაქტის გზით, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ მრავალ ინფექციას ახასიათებს მსგავსი სიმპტომები და გადამადებლობა, საჭიროა პაციენტის იზოლაცია ყვთიელი ცხელების დიაგნოზის დადასტურებამდე. არ საჭიროებს საკარანტინო ღონისძიებებს.
დ)ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - კოღოები მრავლდებიან ტროპიკულ ტყეებში, ნესტიან და ნაწილობრივად ნესტიან პირობებში, ამავდროულად ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსოებში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება. ინფიცირებული კოღოებისა და ადამიანების გაზრდილი კონტაქტი, განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც მოსახლეობა არ არის აცრილი ყვითელი ცხელების წინააღმდეგ, შესაძლოა იქცეს ეპიდემიის მიზეზად.
ბუნებრივი კატასტროფებისას ეპიდემიის პრევენციის საუკეთესო გზას მასიური ვაქცინაცია წარმოადგენს.
ე)საერთაშორისო ღონისძიებები - ყვითელი ცხელება ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.