title
ექთანთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყარა 1974 წლიდან ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით და სიმბოლურად ემთხვევა ფლორენს ნაიტინგეილის, თანამედროვე ექთნის პროფესიის ფუძემდებლის დაბადების დღეს. ფლორენს ნაიტინგეილმა (1820-1910) 1860 წელს ლონდონში, წმ. ტომასის სახელობის საავადმყოფოში გახსნა პირველი სკოლა ექთნებისთვის. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყირიმის ომის დროს მედდებისათვის ტრენინგების ჩატარებით, დაჭრილი სამხედროების ორგანიზებული მოვლის სისტემის ჩამოყალიბებით. ნაიტინგეილის ღვაწლი სათანადოდ არის დაფასებული: დამწყები ექთნები „ნაიტინგეილის ფიცს “ დებენ, ხოლო „ფლორენს ნაიტინგეილის მედალი“ უმაღლესი ჯილდოა ექთნებისთვის.
გასულ წელს ექთნების საერთაშორისო დღე ჯანმომ (WHO) ფლორენს ნაიტიგელის დაბადების 200 წლის იუბილეს მიუძღვნა და კიდევ ერთხელ გამოხატა ექთნების მიმართ მადლიერება პანდემიის პირობებში გაწეული ღვაწლის გამო.
ისტორიულად, როგორც დღეს, ექთნები პანდემიის წინააღდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან, ხშირად ისინი პირველ და რიგ შემთხვევაში კი ერთადერთ სპეციალიტებს წარმოადგენენ, რომლებთანაც პაციენტებს ყველაზე ხშირი ურთიერთობა აქვთ. ექთნებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ პაციენტის მოვლისა და მკურნალობის პროცესის ეფექტურად წარმართვაში.
მიუხედავად იმისა, რომ, გლობალურად, ექთნები სამედიცინო პერსონალის თითქმის ნახევარს შეადგენენ, ჯერ კიდევ მწვავედ დგას მათი დეფიციტი, ვინაიდან არსებული შეფასებებით, დამატებით 5.9 მილიონი ექთანია საჭირო, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.
COVID-19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ექთნების უმნიშვნელოვანესი როლი. კვალიფიციური საშუალო და უცროსი სამედიცინო პერსონალის გარეშე ჩვენ ვერ დავამარცხებთ პანდემიას. ვერ მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს - „საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა“.
ჯანმო (WHO) მოუწოდებს ქვეყნებს უზრუნველყონ:
ექთანთა და სამედიცინო პერსონალის პროფესიული უსაფრთხოება, რაც ასევე გულისმხობს პერსონალური დაცვის საშუალებებზე უწყვეტ ხელმისაწვდომობას სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების გავრცელების შესამცირებლად;
ექთნებისა და სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე, შრომის დროულ ანაზღაურებაზე, დაზღვევაზე, ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეებით სარგებლობაზე;
ხელმისაწვდომობა თანამედროვე სახელმძღვანელოებზე, მათ შორის ეპიდაფეთქებების მართვის შესახებ. ექთნებს უნდა გააჩნდეთ ფინანსური და სხვა რესურსები, რაც დაეხმარება მათ COVID-19- თან და სხვა პანდემიებთან ბრძოლაში;
ექთანთა და ბებიაქალთა წლის კონტექსტში მნიშვნელოვანია მთავრობებმა მხარი დაუჭერონ ინვესტიციების გაძლიერებას ექთანთა პროფესიაში - ექთანთა რაოდენობის ზრდა; სამუშაო ადგილების შექმნა, ექთანთა განათლებისა და მმართველობის გაძლიერება.
გვახსოვდეს!
საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონის ამაღლება პირდაპირპროპორციულია ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებასა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდასთან.
საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის გაძლიერება დამატებით სარგებელს მოუტანს გენდერული სამართლიანობის (SDG5) პოპულარიზაციას; ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკურ განვითარებაში (SDG8) და მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევაში.
2021 წლის ექთნების საერთაშორისო დღის თემაა: - [i] „ლიდერთა ხმა - ჯანდაცვის მომავლის ხედვა“. კამპანია ხაზს უსმევს ექთნის პროფესიას და მის განვითარებას ჯანდაცვის სისტემის ახალ ეტაპზე.
COVID-19 და სამედიცინო პერსონალის საერთაშორისო წელი 2021
2020 და 2021 წლები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სამედიცინო პერსონალის საერთაშორისო წლებად გამოაცხადა.
2020-2021 წლების კამპანიის მთავარი თემაა „დაიცავი. განახორციელე ინვესტიციები. ერთად“, რაც ხაზს უსვამს ჯანდაცვის მუშაკებში ინვესტიციის გადაუდებელ საჭიროებას ჯანმრთელობის, სამუშაო ადგილების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სამართლიანობის მისაღწევად.
შეგიძლიათ შეუერთდეთ კამპანიას და გააგზავნოთ თქვენი ისტორიები, ფოტოები და გაუზიაროთ მსოფლიოს საკუთარი გამცდილება. ვრცლად: https://www.icn.ch/sites/default/files/inline-files/Case%20study%20template%20%26%20guidelines%202021_final.pdf[ii]
[i]https://www.who.int/news/item/11-05-2020-happy-international-nurses-day
[ii]https://www.2020yearofthenurse.org/
https://www.icn.ch/what-we-do/campaigns/international-nurses-day